
ჭყონია – მოქალაქეებს: "ჭარბი შესყიდვებით ნუ დააზიანებთ საკუთარ თავს და სხვებს"
09/03/2022 13:26:45 ეკონომიკა, საზოგადოება
საქართველოს დისტრიბუციის ასოციაციის ხელმძღვანელის ივა ჭყონია მოუწოდებს მოსახლეობას, ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ საკუთარი თავი და სხვა მომხმარებელიც.
როგორც ჭყონიამ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა, ამ ეტაპზე ბაზარზე სტაბილური ვითარებაა, თუმცა ბოლო დღეებში, სავაჭრო ქსელებში მიწოდების მხრივ შეფერხებები დაფიქსირდა, რაც მოსახლეობის მხრიდან ჭარბ შესყიდვებს უკავშირდება და ხელოვნურად იწვევს დეფიციტს.
„გარკვეულ ბრენდებთან დაკავშირებული ჩავარდნები გამოწვეულია ლოგისტიკური ჯაჭვის წყვეტიდან, მაგრამ თუ დღეს გარკვეული ბრენდის ზეთი, წიწიბურა თუ შაქარი მომხმარებელს არ დახვდა დახლზე, ეს არ ნიშნავს, რომ ორ-სამ დღეში არ იქნება, ამიტომ მოვუწოდებ მოსახლეობას, რომ ჭარბი შესყიდვებით არ დააზიანონ არც საკუთარი თავი და არც სხვა მომხმარებელი“, – განაცხადა ივა ჭყონიამ.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ მსხვილი სავაჭრო ქსელების და სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის საქართველოში იმპორტის განმახორციელებელი კომპანიების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა, სურსათისა და პირველადი მოხმარების პროდუქციის მარაგების მხრივ ქვეყანაში არანაირი დეფიციტი არ არსებობს.