ზელენსკის პარტიამ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტის ინიცირება მოახდინა, რომელმაც ბუდაპეშტის მემორანდუმი უნდა ჩაანაცვლოს
09/03/2022 10:35:37 მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის პარტიამ უკრაინის უსაფრთხოების შესახებ ახალი შეთანხმების პროექტის ინიცირება მოახდინა, რომელმაც ბუდაპეშტის მემორანდუმი უნდა ჩაანაცვლოს.
შეთანხმების აღსრულების გარანტად პარტიაში აშშ, თურქეთი და უკრაინის მეზობელი სახელმწიფოები ესახებათ.
"ხალხის მსახურის" აზრით, რუსეთმა იურიდიულად უნდა დააფიქსიროს, რომ აღიარებს უკრაინის სახელმწიფოებრიობას და თავისი მხრიდან საფრთხეების არარსებობის გარანტიას იძლევა. მმართველი პარტიის აზრით, მსგავსი დოკუმენტი უზრუნველყოფს უკრაინის უსაფრთხოებას იმ პირობებში, როცა უახლოესი 15 წლის განმავლობაში ნატო-ში გაწევრიანება შეუძლებელია. ამასთან, პარტია ეჭვქვეშ არ აყენებს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და თეორიულადაც კი არ განიხილავს მის რომელიმე რეგიონზე უარის თქმას, - აცხადებენ "ხალხის მსახურში".
"ჩვენი უკრაინა - ეს არის დონეცკიც, ლუგანსკიც, ყირიმიც", - ნათქვამია პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
"ხალხის მსახურს" პარლამენტში აბსოლუტური უმრავლესობა გააჩნია.
ცნობისთვის: 1994 წელს გაფორმებული ბუდაპეშტის მემორანდუმის თანახმად, უკრაინა ბირთვულ შეიარაღებაზე უარს აცხადებდა, ხოლო რუსეთი, აშშ და ბრიტანეთი მას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიებს აძლევდნენ. ხელმოწერის შემდეგ მემორანდუმი დღემდე არც ერთი მხარის მიერ არ იქნა რატიიცირებული.


