მედია: "რუსეთში მედიკამენტების დამზადებისთვის საჭირო კომპონენტების მარაგი იწურება"
09/03/2022 10:10:57 მსოფლიო
რუსეთში მხოლოდ 3-6 თვისთვის სამყოფი მარაგია იმ კომპონენტებისა, რომლებისგანაც მედიკამენტებს ამზადებენ - ამის შემდეგ კი ფაბრიკები შესაძლოა იმპორტირებული ნედლეულის გარეშე დარჩეს. ადგილობრივი წარმოების პრეპარატების 85 პროცენტამდე უცხოური ნედლეულით მზადდება - წერს გაზეთი "კომერსანტი".
გამოცემის ცნობით, ბოლო 10 დღის განმავლობაში იმპორტირებული მასალები 30-35 პროცენტით გაძვირდა. ბევრი მიმწოდებელი წინასწარ ითხოვს გადახდას, ევროპაში ნედლეულის შეკვეთა პრაქტიკულად შეუძლებელია ვალუტის რეგულირების ახალი წესების გამო.
2021 წელს წამლების კომპონენტების დაახლოებით 20 პროცენტი რუსეთში ევროკავშირიდან შეჰქონდათ, რაც ახლა ინდური და ჩინური ნედლეულით უნდა ჩანაცვლდეს. ბოლო კვირაში ევროპის ქვეყნებმა თითქმის შეწყვიტეს მიწოდება. შეზღუდვები შეეხო ასევე ევროპასა და აშშ-ში შეკვეთილ პრეპარატების ეტალონებს, რომელთა მიხედვითაც ხარისხის კონტროლი წარმოებდა.
„ეს ყველაფერი აუცილებლად მოიტანს ფასების ზრდას“ - წერს გამოცემა.
გარდა ამის, გამოცემის ცნობით, აფთიაქებში იწურება ინსულინის და დიაბეტის მონიტორინგის და თერაპიის დროს გამოყენებული საშუალებების მარაგი:
„ხარისხიანი ინსულინი და ტექნიკა უცხოეთშია ნაწარმოები, მყიდველი ფასების გაორმაგებას ელის და ამის გამო პროდუქციას მასობრივად ყიდულობს - რაც, თავის მხრივ, იწვევს დეფიციტს“.
რუსეთს უკრაინაში შეჭრის შემდეგ მკაცრი ეკონომიკური სანქციები დაუწესდა, რაც ფარმაცევტულ ბაზარზეც აისახება.


