აშშ–ის პასუხის შემდეგ პოლონეთი მზადაა, "მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლები უკრაინას ნატო–ს ეგიდით გადასცეს
09/03/2022 09:15:19 მსოფლიო
აშშ–ის პასუხის შემდეგ პოლონეთი მზადაა, "მიგ-29“ ტიპის გამანადგურებლები უკრაინას ნატო–ს ეგიდით გადასცეს. შესაბამისი განცხადება პოლონეთის პრეზიდენტის ანჯეი დუდას მრჩეველმა იაკუბ კუმოჩმა გააკეთა.
„აშშ-ს არ სურს, ეს თვითმფრინავები უკრაინაში ამერიკული ბაზებიდან ჩამოვიდეს. პოლონეთი მზადაა, იმოქმედოს, მაგრამ მხოლოდ ნატოს ეგიდით", – განაცხადა კუმოჩმა.
აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ მიიღო პოლონეთის წინადადება მისთვის „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის შესახებ, უკრაინაში მათი შემდგომი გაგზავნის მიზნით, თუმცა განაცხადა, რომ კონსულტაციებს გააგრძელებს.
"ჩვენთვის არ არის ნათელი, აქვს თუ არა ამ წინადადებას არსებითი დასაბუთება. აშშ ამ საკითხის და მისი რთული ლოგისტიკური ასპექტების შესახებ კონსულტაციებს პოლონეთთან და სხვა ნატოელ მოკავშირეებთან გააგრძელებს, მაგრამ ჩვენ არ მიგვაჩნია, რომ პოლონეთის წინადადება გონივრულია", - განაცხადა აშშ–ის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
პოლონეთის წინადადებას მოულოდნელი უწოდეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა 8 მარტს, სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე თქვა, რომ თვითმფრინავების გადაცემის საკითხზე წინასწარი კონსულტაცია არ ყოფილა.
მანამდე, 8 მარტს პოლონეთის მთავრობამ განაცხადა, რომ მზად არის, ქვეყნის შეიარაღებაში არსებული "მიგ-29" ტიპის ყველა თვითმფრინავი გადასცეს აშშ-ს და ისინი დაუყოვნებლივ და უსასყიდლოდ განათავსოს გერმანიაში, რამშტაინის ამერიკულ სამხედრო ბაზაზე. პოლონეთი მზად არის სანაცვლოდ შეიძინოს ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები.
6 მარტს შეერთებულმა შტატებმა დაადასტურა, რომ მუშაობდა პოლონეთთან უკრაინისთვის თვითმფრინავების მიწოდების თაობაზე.
"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ", – განაცხადა 6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა.
საუბარია საბჭოთა წარმოების „მიგ-29“ ტიპის ავიაგამანადგურებლებზე, რომელთა მართვაზეც უკრაინელი პილოტები უკვე გაწვრთნილები არიან.
შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


