"Эхо Москвы"-ს სიხშირეზე "Sputnik" ჩაირთვება
08/03/2022 18:08:35 მსოფლიო
უკრაინაში ომის დროს დაწესებული ცენზურის გამო დახურული რადიოსადგურის "Эхо Москвы" -ს სიხშირეზე RT-ს ( RUSSIA TODAY) ჰოლდინგში შემავალი, რუსეთის მთავრობის დაფინანსებაზე მყოფი რადიოსადგური "Sputnik"-ი ჩაირთვება. ინფორმაცია RT-ს ტელეგრამ-არხში გაავრცელეს.
პირველი ეთერი 9 მარტს იგეგმება და მსმენელს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელ მარია ზახაროვასთან, სახელმწიფო დუმის დეპუტატ ანატოლი ვასერმანთან და კრემლის პროპაგანდისტ ბლოგერებთან, გერმან კლიმენკოსა და დმიტრი პუშკოვთან ინტერვიუებს მოასმენინებენ.
"Эхо Москвы" -ს ვებ-გვერდი და მაუწყებლობა, რომელიც ტრადიციულად პირველ ადგილს იკავებდა მოსკოვის საინფორმაციო რადიომაუწყებლობის რეიტინგებში, "როსკომნადზორმა" მარტის დასაწყისში დაბლოკა. ამის მიზეზი გახდა რედაქციის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის გაშუქება. რუსეთის ხელისუფლება მოითხოვს, რომ მას "სპეციალური ოპერაცია" ეწოდოს, ინფორმაციისთვის კი მედიამ მხოლოდ რუსეთის ოფიციალური სამთავრობო წყაროები გამოიყენოს.
ამის შემდეგ რადიოსადგურის მთავარმა აქციონერმა, „გაზპრომ-მედია“-მ სადგურის დახურვა გადაწყვიტა. "Эхо Москвы" -ს მთავარმა რედაქტორმა ალექსეი ვენედიქტოვმა პირობა დადო, რომ გაასაჩივრებს ამ გადაწყვეტილებას სასამართლოში.


