
იტალია რუსული გაზის ალტერნატივებს ეძებს, კონტაქტი შედგა ალიევთან
08/03/2022 14:47:52 ევროპა
8 მარტს იტალიის მთავრობის თავმჯდომარეს მარიო დგარისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
იტალიის მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი შეეხო უკრაინაში არსებულ ვითარებას და იტალია-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების გაღრმავებას ენერგეტიკულ სფეროში.
იტალია ბუნებრივი აირის შიდა მოხმარების 40%-ს რუსეთიდან იმპორტირებული გაზით ფარავს.
უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, ოფიციალური რომი ენერგეტიკული სფეროს იმპორტიორებთან გზების დივერსიფიკაციას ცდილობს.
იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ლუიჯი დი მაიო 28 თებერვალს ალჟირსაც ეწვია - ალჟირი ევროპაში თხევადი გაზის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი მიმწოდებელია. 5 მარტს იტალიელი დიპლომატი კატარსაც სტუმრობდა.
აზერბაიჯანის პრეზიდენტის პრესსამსახური იტყობინება, რომ იტალიის მთავრობის ხელმძღვანელი მარიო დრაგი აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს ესაუბრა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის საკითხებზე, ხაზი გაესვა გაზის სამხრეთ დერეფნის და მისი კომპონენტის - ტრანსადრიატიკის მილსადენის მნიშვნელობას.
ითქვა, რომ აზერბაიჯანი იტალიის ნავთობით მომარაგებაში პირველ ადგილს იკავებს, ხოლო გაზით - მესამე ადგილს.
მე–13 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
რუსეთს სანქციები დაუწესა დასავლეთის და მსოფლიოს მრავალმა ქვეყანამ. ენერგეტიკულმა გიგანტმა Shell-მა განაცხადა, რომ შეწყვეტს რუსეთიდან ნავთობის და გაზის შესყიდვას და ამ ქვეყანაში დაასრულებს ყოველგვარ ოპერაციებს.