"ნატო–მ უნდა უზრუნველყოს, რომ კონფლიქტი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვითარება შეიძლება, უკონტროლო გახდეს"
08/03/2022 14:18:30 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივნის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალინსმა უნდა უზრუნველყოს, რომ კონფლიქტი უკრაინის ფარგლებს არ გასცდეს. ამის შესახებ მან ლატვიის პრეზიდენტ ეგილს ლევიტთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ის რაც ახლა უკრაინაში ხდება "საშინელებაა".
"ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა უზრუნველვყოთ, რომ კონფლიქტი არ გამწვავდეს და არ გასცდეს უკრაინის ფარგლებს. თუ გასცდა, ის უფრო საშიში, დამღუპველი იქნება. სიტუაცია შეიძლება, კონტროლიდან გამოვიდეს“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე წარმოდგენილობას აძლიერებს:
"ჩვენ გვყავს 130 თვითმფრინავი მაღალ მზადყოფნაში. 200-ზე მეტი ხომალდი ჩრდილოეთიდან ხმელთაშუა ზღვამდე და 1000-მდე დამატებითი ჯარისკაცი რეგიონში".
"ნატო დაიცავს მოკავშირეთა ტერიტორიის თითოეულ სანტიმეტრს“, თქვა სტოლტენბერგმა.
ნატო–ს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ლატვიას დღეს ეწვია. პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ იგი გაემგზავრება ადაჟის სამხედრო ბაზაზე, სადაც ნატო–ს ჯარებს ლატვიის პრემიერ–მინისტრთან, კანადის პრემიერ–მინისტრთან და ესპანეთის მთავრობის პრეზიდენტთან ერთად მოინახულებს.
შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


