
ზელენსკი: „თუ მსოფლიო განზე გადგება, საკუთარ თავს სამუდამოდ დაკარგავს“
08/03/2022 10:41:39 ევროპა, მსოფლიო
პრეზიდენტმა ვოლოდმირ ზელენსკიმ მოუწოდა მსოფლიოს, გააცნობიეროს რუსი ოკუპანტების არაადამიანური ქმედებების მასშტაბები, რომლებიც აგრძელებენ ომის წესების დარღვევას:
„ოკუპანტები შეგნებულად წყვეტენ კომუნიკაციებს, მიზანმიმართულად ბლოკავენ საკვების მიწოდებას, წყალმომარაგებას, ელექტროენერგიას. მარიუპოლში, პირველად ათწლეულების განმავლობაში და როგორც ჩანს, პირველად ნაცისტების შემოსევის შემდეგ, ბავშვი გარდაიცვალა გაუწყლოების შედეგად. მომისმინეთ, ძვირფასო პარტნიორებო! დეჰიდრატაციისგან ბავშვი გარდაიცვალა 2022 წელს!"
სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ყოველი ადამიანის სიკვდილზე პასუხისმგებლობა რუსეთის სახელმწიფოს, რუს სამხედროებს ეკისრებათ, მაგრამ ამაზე პასუხისმგებლობა ასევე ეკისრებათ მათ, რომელთაც 13 დღის განმავლობაში დასავლეთში, თავიანთ ოფისებში, აშკარად აუცილებელი გადაწყვეტილება ვერ მიიღეს უკრაინის ცის დაცვის თაობაზე.
მისი თქმით, „უკრაინელები მტერს ანადგურებენ ყველგან, სადაც შეუძლიათ, მაგრამ მათ კვლავ საკმარისი რაკეტა აქვთ მკვლელობებისთვის“
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ თუ მსოფლიოს ლიდერები ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, უკრაინა მსოფლიოს ხალხებს მიმართავს:
„მივმართავ მსოფლიოს ხალხს, თუ მსოფლიოს ლიდერები არ გამოიყენებენ ყველა ღონეს ამ ომის შესაჩერებლად. ეს არის გენოციდი.
რა თქმა უნდა, ვაგრძელებთ პარტნიორებთან საუბარს, მაგრამ არის საკითხები, რომლებიც მოლაპარაკებებში არ წყდება, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული. დამოკიდებულია მხოლოდ კაცობრიობაზე, რომელმაც უნდა გაიმარჯვოს მსოფლიოს დედაქალაქებში, გაიმარჯვოს შიშზე, გაიმარჯვოს სარგებელზე და მაშინ დავინახავთ, რომ უკრაინის ცა უსაფრთხოა.
და თუ მსოფლიო განზე გადგება, ის საკუთარ თავს სამუდამოდ დაკარგავს. რადგან არსებობს უპირობო ღირებულებები ყველასთვის და უპირველესად ეს სიცოცხლეა. ეს არის ის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით უკრაინაში და რისი წართმებაც სურს სუსტ მტერს და რაც უნდა დაიცვას მსოფლიომ“,– განაცხადა ზელენსკიმ.