ბრიტანეთი არ გამორცხავს, რომ უკრაინისთვის პოლონური თვითმფრინავების გაგზავნის შემთხვევაში პოლონეთი "ცეცხლის წინა ხაზად" იქცეს
08/03/2022 08:05:35 მსოფლიო
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრ ბენ უოლესის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მხარს დაუჭერს პოლონეთს, თუ ის გადაწყვეტს, უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავების გაუგზავნოს. თუმცა უოლესი აღნიშნული გადაწყვეტილების შესაძლო შედეგებზეც ამახვილებს ყურადღებას:
”მე მხარს დავუჭერ პოლონელებს და მათ ნებისმიერ არჩევანს. თუმცა პოლონეთს უნდა ესმოდეს, რომ არჩევანი არა მხოლოდ უშუალოდ დაეხმარება უკრაინას, რაც კარგია, არამედ შეიძლება, ცეცხლის წინა ხაზად იქცეს ისეთი ქვეყნების მხრიდან, როგორიცაა რუსეთი ან ბელარუსი", – განაცხადა უოლესმა.
მისივე თქმით, "თავად დიდი ბრიტანეთი ვერ შესთავაზებს თვითმფრინავებს უკრაინელებს":
"ლონდონი პირდაპირი წესით უკრაინას მოიერიშე თვითმფრინავებს ვერ გადასცემს, რადგან „მიგ-29“ ტიპის მოიერიშეები არ ჰყავს".
გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ უკრაინელი ლტოლვილებისადმი მოპყრობის კრიტიკის საპასუხოდ, მინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობას „მეტის გაკეთება შეუძლია" და იგი მხარს დაუჭერს შინაგან საქმეთა მდივანს ამ მიმართულებით სიტუაციის ელვისებურად სწრაფად გასაუმჯობესებლად“.
7 მარტს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მარკინ პრჟიდაჩიმ განცხადა, რომ ქვეყანა უკრაინაში მოიერიშე თვითმფრინავების გაგზავნას არ გეგმავს.
მისი თქმით, "ვარშავას არც გაუგზავნია და არც გეგმავს გაგზავნოს მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინაში".
"ჩვენ არ გავხსნით ჩვენს აეროპორტებს. პოლონური თვითმფრინავები არ იბრძოლებენ უკრაინაში. პოლონური თვითმფრინავები არ იბრძვიან უკრაიანში", – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ.
6 მარტს აშშ-ის სახელმწიფო მდივნმა ენტონი ბლინკენმა განცხადა, რომ ნატო-ს წევრ ქვეყნებს ვაშინგტონისგან "მწვანე შუქი" აქვთ უკრაინისთვის სამხედრო თვითმფრინავების გადაცემაზე.
"ჩვენ ახლა ვსაუბრობთ ჩვენს პოლონელ მეგობრებთან იმის თაობაზე, თუ რა შეგვიძლია, გავაკეთოთ მათი საჭიროებების უზრუნველსაყოფად იმ შემთხვევისთვის, თუ ისინი გადაწყვეტენ, რომ უკრაინას სამხედრო თვითმფრინავები გადასცენ", - განაცხადა ბლინკენმა CBS-ის ეთერში.
შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.
"ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების საკითხი, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ნატო–ს თვითმფრინავებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში არ უნდა იმოქმედონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


