
იანუკოვიჩი ზელენსკის დანებებას სთავაზობს
08/03/2022 07:16:04 ევროპა
უკრაინის ექს–პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა მიმართა პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის, „ნებისმიერ ფასად შეწყვიტოს სისხლისღვრა“.
„მინდა, მივმართო ვოლოდიმირ ზელენსკის, როგორც პრეზიდენტს და თუნდაც ცოტა მამობრივ... ძალიან კარგად მესმის, რომ ბევრი „მრჩეველი“ გყავს, მაგრამ პირადად შენ ვალდებული ხარ ნებისმიერ ფასად შეაჩერო სისხლისღვრა და სამშვიდობო შეთანხმება მიაღწიო. ამას თქვენგან ელოდებიან უკრაინაში, დონბასსა და რუსეთში.
უკრაინელი ხალხი და თქვენი პარტნიორები დასავლეთში მადლობელი იქნებიან თქვენი“,– ციტირებს იანუკოვიჩს რუსული გამოცემა "РИА Новости“.
შეგახსენებთ, რომ მე–13 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. 1,7 მილიონზე მეტი ადამიანი დევნილად იქცა.
რუსეთი უკრაინისგან მოითხოვს, ყირიმზე რუსეთის სუვერენიტეტის ცნობას, დონბასისა და ლუგანსკის „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარებას, ნეიტრალიტეტის გამოცხადებას. ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კრემლის მოთხოვნებს შორისაა, ზელენსკი ფორმალურად დარჩეს პრეზიდენტად და პრემიერ–მინისტრად მისთვის მისაღები კადრი დანიშნოს.