Accentnews.ge
რუსეთი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდებს, "უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე" და ორგანიზაციიდან არ გარიცხოს

რუსეთი გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდებს, "უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე" და ორგანიზაციიდან არ გარიცხოს

08/03/2022 06:58:23 მსოფლიო

რუსეთმა გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციას მოუწოდა, "უარი თქვას ტურიზმის პოლიტიზებაზე" და უკრაინაში ომის დაწყების გამო რუსეთი ორგანიზაციიდან არ გარიცხოს.

სააგენტო „ტასს“-ის ინფორმაციით, ამ შინაარსის წერილით საერთაშორისო ორგანიზაციის აღმასრულებელ საბჭოს მიმართა რუსეთის ფედერალური უწყების „როსტურიზმ“-ის ხელმძღვანელმა ზარინა დოგუზოვამ.

დღეს მადრიდში დაგეგმილია გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს საგანგებო სხდომა, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს რუსეთისთვის წევრობის შეჩერების განსახილველად გენერალური ასამბლეის მოწვევის საკითხი. დოგუზოვა ითხოვს, რომ გენერალური ასამბლეის მოწვევასა და რუსეთისთვის წევრობის შეჩერებაზე უარი თქვან, რადგან „ტურიზმი მოწოდებულია ადამიანების გაერთიანებისა და ქვეყნებს შორის მეგობრული კავშირების განმტკიცებისთვის და პოლიტიზებისგან თავისუფალი უნდა იყოს“.

დოგუზოვა აცხადებს, რომ ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის საკითხები არ არის გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის კომპეტენცია.

27 თებერვალს გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ზურაბ პოლოლიკაშვილმა წევრ ქვეყნებს მოუწოდა, განიხილონ რუსეთისთვის წევრობის შეჩერების საკითხი.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S