მედია – უკრაინაში მოკლეს რუსი გენერალი გერასიმოვი, რომელიც ჩეჩნეთში, სირიასა და ყირიმში იბრძოდა
08/03/2022 06:22:57 მსოფლიო
უკრაინაში მოკლეს რუსი გენერალი ვიტალი გერასიმოვი, - იუწყება დასავლური მედია უკრაინის დაზვერვის მთავარი სამმართველოს პრეს–სამსახურზე დაყრდნობით.
“ხარკოვის მახლობლად მიმდინარე ბრძოლების დროს ლიკვიდირებული იქნა რუსი გენერალ-მაიორი, რუსეთის ცენტრალური სამხედრო ოლქის 41-ე არმიის მეთაურის პირველი მოადგილე ვიტალი გერასიმოვი”, - აცხადებენ უწყებაში.
მისი ცნობით, ვიტალი გერასიმოვი ჩეჩნეთში, სირიასა და ყირიმში იბრძოდა.
გასულ კვირას რუსულმა მედიამ განაცხადა, რომ უკრაინაში 41-ე არმიის მეთაურის მოადგილე გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკიც დაიღუპა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


