იაპონიამ რუს და ბელარუს ჩინოვნიკებსა და ოლიგარქებს აქტივები დაუყადაღა
08/03/2022 06:15:26 მსოფლიო
იაპონიის ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ კიდევ 32 რუს და ბელარუს ჩინოვნიკსა და ოლიგარქს აქტივები გაუყინა.
სამინისტროს ინფორმაციით, იაპონია ასევე კრძალავს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის აღჭურვილობის ექსპორტს რუსეთში.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე იაპონურმა კომპანიამ, „ტოიოტამ“ სანქტ პეტერბურგში მდებარე ქარხანაში წარმოება შეაჩერა. „ნისანი“, „სუბარუ“ და „მიცუბიშ მოტორსი“ ასევე ემზადებიან რუსეთიდან საკუთარი თანამშრომლების გასაყვანად.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


