მედია – სუმზე საჰაერო თავდასხმების შედეგად დაღუპულთა შორის ბავშვებიც არიან
08/03/2022 06:06:22 მსოფლიო
უკრაინის სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, გვიან ღამით ქალაქ სუმზე და მის მიმდებარე გარეუბანზე საჰაერო თავდასხმების შედეგად, დაღუპულთა შორის ბავშვები არიან.
დმიტრო ჟივიცკიმ, რომელიც სუმის რეგიონალურ სამხედრო ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში განაცხადა, რომ ადგილობრივი დროით, 23:00 საათის შემდეგ, რუსეთის სამხედრო თვითმფრინავებმა დარტყმები ჩრდილო-აღმოსავლეთ ქალაქზე განახორციელეს.
„სამწუხაროდ, დაღუპულთა შორის არიან ბავშვები, დაიღუპა 10-ზე მეტი ადამიანი“, - განაცხადა ჟივიცკიმ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


