უკრაინის გენშტაბი: "რუსულ სამხედრო ძალებში გადაჯგუფებაა კიევზე შტურმის მიზნით"
08/03/2022 05:36:41 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში რუსულ სამხედრო ძალებში განხორციელდა გადაჯგუფება კიევზე შტურმის ორგანიზებისთვის.
გენერალური შტაბის მიერ 8 მარტს გამოქვეყნებული ინფორმაციით, საოკუპაციო ძალები აპირებენ კიევზე შეტევისთვის გამოიყენონ ყველაზე ბრძოლისუნარიანი ქვედანაყოფები: რუსეთის ეროვნული გვარდიის, რამზან კადიროვის სახელობის გროზნოს სპეციალური პოლკი, კემეროვოს და მოსკოვის სპეცდანიშნულების რაზმები და კერძო სამხედრო კომპანია „ლიგა“(ყოფილი "ვაგნერი").
უკრაინის გენერალური შტაბის განცხადებით, რუსეთის სამხედრო ქვედანაყოფები კიევის გარშემო შეტევას ავიაციითა და სარაკეტო დარტყმებით განაგრძობენ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


