
უნგრეთმა ნატო-ს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჯარების განთავსების და იარაღის გატარების ნება დართო
07/03/2022 13:03:38 ევროპა
უნგრეთმა ნატო-ს ქვეყნის დასავლეთ ნაწილში ჯარების განთავსების ნება დართო.
გარდა ამისა, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანის, რომელიც ვლადიმირ პუტინის ახლო მოკავშირე იყო, მიერ ხელმოწერილი ბრძანებულება ალიანსს უნგრეთის გავლით ნატო-ს სხვა ქვეყნებისთვის იარაღის მიწოდების ნებას რთავს.
ამავდროულად, მისი ბრძანებულებით უკრაინისთვის იარაღის მიწოდება იკრძალება.
მანამდე, 26 თებერვალს ორბანმა განაცხადა, რომ "უნგრეთი სრულად დაუჭერს მხარს ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ ყველა სანქციას".
"ახლა ერთად დგომის დროა. ეს ომია და ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ომამდე არსებულ ვითარებას და აღვადგინოთ მშვიდობა“, - განაცხადა მან.
მე–12 დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმაშტაბიან სამხედრო აგრესიას ახორციელებს, ბომბავს მათ შორის საცხოვრებელ სახლებს, რასაც ასობით ადამიანი ემსხვერპლა, მათ შორის არიან ბავშვები. ათასობით ადამიანი დევნილად იქცა.
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.