
რუსეთმა 50 სახელმწიფო „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შეიყვანა, მათ შორის საქართველო არაა
07/03/2022 12:21:14 მსოფლიო
რუსეთის ხელისუფლებამ "არამეგობრული ქვეყნების" სია შეადგინა, მასში მსოფლიოს 50 სახელმწიფოა შეყვანილი, მათ შორის: ავსტრალია, ალბანეთი, ანდორა, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის ქვეყნები, ისლანდია, კანადა, ლიხტენშტეინი, მიკრონეზია, მონაკო, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სამხრეთ კორეა, სან მარინო, ჩრდილოეთ მაკედონია, სინგაპური, აშშ, ტაივანი, უკრაინა, მონტენეგრო, შვეიცარია, იაპონია.
საქართველო აღნიშნულ სიაში არ არის.
კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინის ხელმოწერილი ბრძანებულების თანახმად, რუსული კომპანიები და მოქალაქეები, რომლებსაც აქვთ ვალდებულებები უცხოელი კრედიტორების მიმართ არამეგობრული ქვეყნების სიიდან, შეძლებენ მათ გადახდას რუბლებში და არა უცხოურ ვალუტაში.
ამასთან, „არამეგობრული ქვეყნების“ კომპანიებთან ყველა ტრანზაქციას დაამტკიცებს უცხოური ინვესტიციების კონტროლის სპეციალური კომისია.
პირველად ტერმინი „არამეგობრული ქვეყანა“ რუსეთის კანონმდებლობაში გასული წლის აპრილში გაჩნდა.