ჩავუშოღლუმ 10 მარტს თურქეთში ლავროვისა და კულებას მონაწილეობით სამმხრივი სამიტი დააანონსა
07/03/2022 12:09:20 მსოფლიო
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, 10 მარტს ანტალიაში სამმხრივი სამიტი გაიმართება, რომელშიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება მიიღებენ მონაწილეობას.
„ჩვენი მთავარი მიზანი კონფლიქტების შეჩერებაა. სამმხრივ სამიტს გავმართავთ ხუთშაბათს, 10 მარტს. ჩვენ დიდი ძალისხმევა გამოვიჩინეთ მხარეთა შეხვედრის უზრუნველსაყოფად. ლავროვმა განაცხადა, რომ მზად არის, დაესწროს ანტალიაში გასამართ შეხვედრას. უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა კულებამ ასევე განაცხადა, რომ დაესწრება“, – აღნიშნა ჩავუშოღლუმ.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


