მოლდოვა ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის სხვა ქვეყნებში გადასასვლელად დერეფნები გახსნას
07/03/2022 10:23:53 მსოფლიო
მოლდოვა ევროკავშირს მოუწოდებს, უკრაინელი ლტოლვილებისთვის სხვა ქვეყნებში გადასასვლელად დერეფნები გახსნას. შესაბამისი განცხადება ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნატალია გავრილიტამ გააკეთა.
მისი თქმით, მოლდოვა უკვე შესაძლებლობის ზღვარზეა, დაეხმაროს უკრაინიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს:
"ჩვენ ვხედავთ უმწვავეს ჰუმანიტარულ კრიზისს. 10 დღეა, რაც უკრაინაში ომია და ამ პერიოდის განმავლობაში მოლდოვის საზღვარი უკრაინიდან უკვე 230 000-მა ადამიანმა გადმოკვეთა. მათგან დაახლოებით, 120 000-მა გადაწყვიტა მოლდოვაში დარჩენა. ამ 120 000 პირიდან 96 000 უკრაინის მოქალაქეა. ეს მაჩვენებელი შეადგენს 2,6 მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 4%-ს. მოლდოვაში ყოველი მერვე ბავშვი ახლა ლტოლვილია. ჩვენ ვერ გავუმკლავდებოდით ამ მასიურ შემოდინებას, რომ არა ხალხის უპრეცედენტო სოლიდარობა. ომი 10 დღეა, რაც დაიწყო და მოლდოვა უკვე შესაძლებლობის ზღვარზეა. მოვუწოდებ ევროკავშირს შექმნას დერეფნები, რათა დაეხმაროს ლტოლვილებს სხვა ქვეყნებისკენ გადაადგილებაში. ლტოლვილთა ნაკადი მოსალოდნელზე უფრო დიდი და სწრაფია", – განაცხადა ნატალია გავრილიტამ.
რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შედეგად ამ დროისთვის არსებული ოფიციალური მონაცემებით, უკრაინა 1 500 000–მა ადამიანმა დატოვა. მათი უმეტესობა, დაახლოებით 1 000 000 პოლონეთში გადავიდა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


