ირპინში რუსულ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ
07/03/2022 09:02:17 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ირპინში რუსულ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეები ემსხვერპლნენ, – იუწყება CNN.
ქალაქის მერის ალექსანდრე მარკუშინის განცხადებით, კვირას განხორციელებული თავდასხმების შედეგად, მინიმუმ, რვა ადამიანი დაიღუპა.
"დაღუპულთა შორისაა ერთი ოჯახის 4 წევრი – ორი პატარა ბავშვი და ორი ზრდასრული", – განაცხადა მარკუშინმა.
კიევის ჩრდილო-დასავლეთით მდებარე ორი ქალაქი – ირპინი და ბუჩა რუსული ჯარების ალყაში რჩება, წყლის, საკვების, ელექტროენერგიისა და წასვლის შესაძლებლობის გარეშე.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


