მედია – რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს
07/03/2022 08:10:10 მსოფლიო
რუსეთის მიერ გახსნილი ჰუმანიტარული დერეფნების საშუალებით მოსახლეობა გასვლას მხოლოდ რუსეთისა და ბელარუსის მიმართულებით შეძლებს, – იუწყება BBC რუსულ სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოებზე დაყრდნობით.
გამოცემის ცნობით, დერეფანი, რომელმაც კიევის მოსახლეობას ქალაქის დატოვების შესაძლებლობა უნდა მისცეს, რუსეთის მოკავშირე ბელარუსისკენ მიემართება, ხარკოვის მოსახლეობას კი წასასვლელი მხოლოდ რუსეთის მიმართულებით ექნება.
მარიუპოლიდან და სუმიდან დერეფნები მიმართული იქნება როგორც სხვა უკრაინული ქალაქებისკენ, ასევე რუსეთისკენ.
BBC-ს ცნობით, რუსული მხარე უკრაინის რამდენიმე ქალაქში ახალ ჰუმანიტარულ დერეფნებს გახსნის, რათა ადგილობრივ მოსახლეობას ევაკუაციის საშუალება მიეცეს. მათივე ინფორმაციით, ცეცხლი ადგილობრივი დროით 10:00 საათიდან შეწყდება, ევაკუაციის მარშრუტები განისაზღვრა დედაქალაქ კიევში, ასევე ხარკოვში, მარიუპოლსა და სუმში, რომლებიც ამჟამად რუსეთის თავდასხმის ქვეშაა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


