ბაერბოკი გერმანიაზე რუსეთის თავდასხმას არ გამორიცხავს
07/03/2022 06:38:23 მსოფლიო
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანალენა ბაერბოკი გერმანიაზე რუსეთის თავდასხმას არ გამორიცხავს. ამის შესახებ მან ARD–სთან ინტერვიუში განაცხდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, "ენდობით თუ არა პუტინს, რომ გერმანიაზე თავდასხმას არ განახორციელებს?", ბაერბოკმა აღნიშნა:
"ბოლო ათმა დღემ აჩვენა, რომ მისთვის "წითელი ხაზები" არ არსებობს. სამწუხაროდ, ჩვენ ყველანი ვცდებოდით. რუსეთის მთავრობამ მოგვატყუა. პუტინს უკრაინაში ომი ნებისმიერ ფასად სურდა".
ამასთან, მისი თქმით, ნატო არ დახურავს უკრაინის საჰაერო სივრცეს, რადგან ალიანსი პასუხისმგებელია ევროპის მოსახლეობის სიცოცხლის დაცვაზე:
"უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღება ნიშნავს, რომ ნატო–ს თვითმფრინავებმა რუსულ თვითმფრინავებს ცეცხლი გაუხსნან, ეს ნიშნავს ევროპული ქვეყნების უშუალო ჩართვას კონფლიქტში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს პასუხისმგებლობა, დავიცვათ უკრაინელი ხალხი, მაგრამ ჩვენ ასევე გვაქვს პასუხისმგებლობა მილიონობით ევროპელის წინაშე. ამ გადაწყვეტილების მიღება ჭირსა და ქოლერას შორის არჩევანის გაკეთების ტოლფასია, მაგრამ გვაქვს პასუხისმგებლობა, რომ ამ ომმა მესამე მსოფლიო ომი არ გამოიწვიოს. ომმა რომ მოიცვას, პოლონეთი და ბალტიისპირეთის ქვეყნები ჩვენ ამაზე პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ".
კითხვაზე ტოვებს თუ არა დასავლეთი მარტო უკრაინელებს უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის არშექმნის გამო, ბაერბოკმა შემდეგი განაცხადა:
"ამ საკითხზე გადაწყვეტილების მიღება ადვილი რომ ყოფილიყო, დღეს უკვე გვექნებოდა ეს თემა მოგვარებული. რუსეთის ქმედებების საპასუხოდ ამოქმედდა ყველა შესაძლებლობა ეკონომიკურ და ფინანსურ სფეროში. ასევე ხდება იარაღის მიწოდება უკრაინისთვის. ამ ომის დაწყების მიზეზი არ არსებობს. არავის სჭირდებოდა ეს ომი. არავის უნდოდა ეს ომი. ეს ომი პუტინის ომია და ამიტომ ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე ჩვენს ხელთ არსებული ყველა ბერკეტით".
შეგახსენებთ, რომ ნატო უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ ალიანსის გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა 4 მარტს განაცხადა.
"ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა განიხილეს უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების საკითხი, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ ნატო–ს თვითმფრინავებმა უკრაინის საჰაერო სივრცეში არ უნდა იმოქმედონ", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


