უკრაინა ზოგიერთი საკვები პროდუქტის ექსპორტს აჩერებს
07/03/2022 05:34:35 მსოფლიო
უკრაინამ, საკვების დეფიციტის რისკის გამო ზოგიერთი საკვები პროდუქტის ექსპორტი შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის მთავრობა ავრცელებს.
მისი ცნობით, შეჩერდება ხორცის, ჭვავის, შვრიის, წიწიბურის, შაქრის, ფეტვისა და მარილის ექსპორტი.
ამასთან, ხორბლის, სიმინდის, ფრინველის, კვერცხისა და ზეთის ექსპორტი დაიშვება მხოლოდ ეკონომიკის სამინისტროს ნებართვით.
მედიის ინფორმაციით, უკრაინის მასშტაბით სუპერმარკეტებში პროდუქციის ნაკლებობაა, რადგან მიწოდების მარშრუტები გართულებულია.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


