როსკომნადზორმა «Эхо Кавказа»-ს რუსეთში მოსალოდნელი დაბლოკვის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა
06/03/2022 11:06:33 მსოფლიო
როსკომნადზორმა «Эхо Кавказа»-ს რუსეთში მოსალოდნელი დაბლოკვის შესახებ შეტყობინება გაუგზავნა. საფუძვლად გენერალური პროკურატურის 24 თებერვლის გადაწყვეტილება სახელდება.
როგორც რუსული უწყება წერს, თუ რედაქცია "კანონსაწინააღმდეგო ინფორმაციას" წაშლის, ამის შესახებ ოფიციალურად უნდა აცნობოს ფედერალურ სამსახურს შესაბამისი შემოწმების ჩასატარებლად და ფაქტის დასადასტურებლად. ამასთან, კონკრეტულად რომელი ინფორმაცია უნდა წაიშალოს - უწყება არ აზუსტებს.
გასულ კვირას რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პროექტების 9 საიტი დაიბლოკა იმის გამო, რომ არ დაემორჩილნენ მოთხოვნას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ მასალები წაეშალათ.
რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების პრეზიდენტ ჯეიმი ფლაის არაერთხელ განუცხადებია, რომ რედაქცია კრემლის მოთხოვნების შესრულებას არ აპირებდა. «კრემლს ჩვენთვის სარედაქციო პოლიტიკის კარნახის უფლებას არ მივცემთ», – ამბობდა ფლაი.
დაიბლოკა ასევე სხვა იმ მედიაორგანიზაციების საიტები, რომელთა რედაქციები ან შტაბ-ბინები რუსეთის ფარგლებს გარეთაა განთავსებული, მათ შორის - "მედუზა", BBC, "ამერიკის ხმა", "Deutsche Welle".
როსკომნადზორმა Facebook-სა და Twitter-თან წვდომაც დაბლოკა.
დღეს კი ცნობილი გახდა, რომ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლება რუსეთში მაუწყებლობას წყვეტს.


