Accentnews.ge
ისრაელის პრემიერ–მინისტრი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბერლინში ჩავიდა

ისრაელის პრემიერ–მინისტრი პუტინთან შეხვედრის შემდეგ ბერლინში ჩავიდა

06/03/2022 11:00:49 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ-მინისტრი ნაფტალი ბენეტი ბერლინში გერმანიის კანცლერს ოლაფ შოლცს შეხვდა.

გერმანული მედიის ცნობით, ბენეტი შოლცს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკების შესახებ ესაუბრა.

ბენეტის და შოლცის შეხვედრა დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში გაგრძელდა.

"ბენეტი და შოლცი შეთანხმდნენ, რომ ისინი კვლავ განაგრძობენ კონტაქტს ერთმანეთთან. მათ მთავარ მიზნად რჩება უკრაინაში ომის დამთავრება, რაც შეიძლება სწრაფად“, - იუწყება გერმანული მედია.

შოლცი ისრაელს სტუმრობდა სამი დღის წინ, ხოლო ბენეტმა მოსკოვში პუტინთან შეხვედრა გუშინ გამართა.

ბენეტმა და პუტინმა სამი საათის განმავალობაში ისაუბრეს. წყაროები იტყობინებოდნენ, რომ ბენეტმა პუტინთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა აშშ-ის, გერმანიის და საფრანგეთის ოფიციალურ წარმომადგენლებთან და ასევე სატელეფონო საუბარი ჰქონდა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

სააგენტო Reuters-ის ცნობით, ისრაელი, სადაც ძალიან ბევრი რუსი ემიგრანტი ცხოვრობს, რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლის როლის ინიციატივით გამოდის.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S