Accentnews.ge
ბაიდენი უკრაინას უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით მეტ დახმარებას ჰპირდება

ბაიდენი უკრაინას უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით მეტ დახმარებას ჰპირდება

06/03/2022 08:08:59 მსოფლიო

აშშ უკრაინას უსაფრთხოების, ეკონომიკური და ჰუმანიტარული კუთხით მეტ დახმარებას ჰპირდება. ამის შესახებ თეთრი სახლი მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

"აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა შაბათს სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან, რათა განეხილათ დასავლეთის მიერ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესების მცდელობები და ვაშინგტონის მიერ კიევისთვის სამხედრო, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით დახმარების გაწევის საკითხი. პრეზიდენტმა ბაიდენმა ხაზი გაუსვა შეერთებული შტატების, მისი მოკავშირეების, პარტნიორების და კერძო ინდუსტრიის მიერ განხორციელებულ ქმედებებს, რათა რუსეთს კიდევ უფრო ძვირად დაუჯდეს უკრაინაში შეჭრა. კერძოდ, იგი მიესალმა Visa-სა და Mastercard-ის დღევანდელ გადაწყვეტილებას რუსეთში მომსახურების შეჩერების შესახებ. პრეზიდენტმა ბაიდენმა აღნიშნა, რომ აშშ უკრაინას უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ეკონომიკური კუთხით მეტ დახმარებას გაუწევს. ბაიდენის ადმინისტრაცია მჭიდროდ თანამშრომლობს კონგრესთან დამატებითი ფინანსების უზრუნველსაყოფად", – აცხადებენ თეთრ სახლში.

თავის მხრივ, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ ჯო ბაიდენთან უსაფრთხოებისა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელების საკითხები განიხილა.

„მიმდინარე დიალოგის ფარგლებში მორიგი საუბარი მქონდა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან. განვიხილეთ უსაფრთხოების, უკრაინის ფინანსური მხარდაჭერისა და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკის გაგრძელების საკითხები”, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).

უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.

პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.

რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S