არახამია: "რუსეთი და უკრაინა ორშაბათს მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ"
05/03/2022 17:16:24 მსოფლიო
რუსეთი და უკრაინა ორშაბათს მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ, – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით არახამიამ განაცხადა.
"საომარი მოქმედებების დასრულებაზე საუბარი განახლდება", – წერს არახამია სოციალურ ქსელში, მაგრამ შეხვედრის შესახებ დამატებით დეტალებზე არ მიუთითებს.
ხუთშაბათს ორივე მხარე შეთანხმდა ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე, რათა რამდენიმე საბრძოლო ზონიდან მშვიდობიანი მოქალაქეები გამოსულიყვნენ. თუმცა აღნიშნულის განხორციელება ამ დრომდე შეფერხებულია.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


