გუბერნატორი: "რუსებმა ბოროდიანკაში ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიკავეს, რომელშიც 670 პაციენტია"
05/03/2022 16:48:15 მსოფლიო
"რუსებმა ბოროდიანკაში ფსიქიატრიული საავადმყოფო დაიკავეს, რომელშიც 670 პაციენტია", – ამის შესახებ ინფორმაციას რაიონის გუბერნატორი ოლექსი კულება ავრცელებს.
მისი თქმით, პაციენტებს წყლისა და წამლების მარაგი ეწურებათ:
"ჩვენ არ ვიცით როგორ გამოვიყვანოთ ეს ხალხი, როგორ დავეხმაროთ მათ. პაციენტებს წყლისა და წამლების მარაგი ეწურებათ. ესენი არიან გარკვეული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ადამიანები, მათ მუდმივი დახმარება სჭირდებათ. ბევრი მათგანი წლებია, საწოლსაა მიჯაჭვული“.
ბოროდიანკა კიევიდან დაახლოებით 60 კილომეტრში მდებარეობს.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


