რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო: "საზღვარგარეთ ყველა რუსოფობიური ინციდენტი ფიქსირდება"
05/03/2022 16:00:44 მსოფლიო
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ "საზღვარგარეთ ყველა რუსოფობიური ინციდენტი ფიქსირდება".
„ჩვენ დიდ ყურადღებას ვაქცევთ რუსოფობიის უპრეცედენტო დონეს, რომელიც დაფიქსირდა რიგ უცხო ქვეყანაში უკრაინაში სპეცოპერაციის ფონზე. [...] ყველა ასეთი ინციდენტი საგულდაგულოდ არის აღრიცხული. შესაბამისი მასალები უფლებრივი შეფასებისთვის კომპეტენტურ ორგანოებს გადაეცემა“, – აცხადებენ საგარეო უწყებაში.
შეგახსენებთ, რომ 4 მარტს „ქართული ოცნების“ ლიდერმა ირაკლი კობახიძემ ეთნიკური რუსების მიმართ „დისკრიმინაციულ კამპანიაზე“ ისაუბრა და განაცხადა, რომ კამპანიას სათავეში ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ უდგას.
კობახიძემ განაცხადა, რომ „ოცნების“ ხელისუფლება მუშაობას დაიწყებს საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციისა და ეთნიკური შუღლის გაღვივების წინააღმდეგ იქნება მიმართული.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


