
მერაბიშვილი: "უკრაინას ჰააგის ტრიბუნალისთვის მტკიცებულებების მოგროვებაში ვეხმარებით"
05/03/2022 09:46:15 ევროპა
საქართველოს შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში იმყოფება და პროკურატურას რუსეთის მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებების მოძიებაში ეხმარება.
"ქართველი იურისტების გუნდთან ერთად ამჟამად ვიმყოფები უკრაინის ქალაქ ხმელნიცკში. ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან, მათ შორის 2008 წლის ომის დროს რუსეთის საოკუპაციო ჯარის მიერ ჩადენილი დანაშაულების გამოძიების დროს მიღებული გამოცდილების გაზიარების გზით.
ჩვენ, მთელს ჩვენს გამოცდილებასა და ძალისხმევას მოვახმართ იმას, რომ რუსმა ოკუპანტებმა, როგორც უშუალოდ დანაშაულის ჩამდენმა, ასევე დანაშაულებრივი ბრძანების გამცემმა პირებმა, უმაღლესი თანამდებობის პირების ჩათვლით, პასუხი აგონ ყველა იმ უკანონობისთვის, რაც მათ ჯერ საქართველოსა და შემდგომ უკრაინაში ჩაიდინეს", - წერს მერაბიშვილი "ფეისბუკზე".
რამდენიმე დღეა, რაც ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოში (ICC) დაიწყო გამოძიება უკრაინაში ომის ან კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ შესაძლო დანაშაულებზე.
მეათე დღეა, რუსეთი უკრაინაში სრულმასშტაბიან ომს აწარმოებს. რუსეთი ბომბავს საცხოვრებელ სახლებს და ისეთ სტრატეგიულ ობიექტებსაც კი, როგორიც ატომური ელექტროსადგურებია, რომლის დაზიანების შემთხვევაში საფრთხე მთელ ევროპას ემუქრება. რუსეთის აგრესიას ასობით მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა, მათ შორის ცნობილია 19 ბავშვის შესახებ.