
ზელენსკიმ NATO უკრაინაში ფრენისთვის აკრძალული ზონის შექმნაზე უარისთვის მწვავედ გააკრიტიკა
05/03/2022 05:13:29 ევროპა, მსოფლიო
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ 4 მარტს თავის ტრადიციულ საღამოს მიმართვაში მწვავედ გააკრიტიკა ნატო მისი გადაწყვეტილებისთვის, არ დააწესოს უკრაინაში ფრენისთვის აკრძალული ზონა.
„ყველაფერი, რაც შეძლო დღეს ალიანსმა, არის ის, რომ თავისი შესყიდვების სისტემაში გაატარა უკრაინისთვის 50 ტონა დიზელის საწვავი. ალბათ იმისთვის, რომ ბუდაპეშტის მემორანდუმის დაწვა შევძლოთ, უკეთესად რომ იწვოდეს. მაგრამ ის ჩვენთვის უკვე დაიწვა რუსეთის ჯარების ცეცხლში,“ - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
ზელენსკის თქმით, ნატომ დღევანდელი გადაწყვეტილებით რუსეთს მწვანე შუქი აუნთო, რომ გააგრძელოს უკრაინის სოფლებისა და ქალაქების დაბომბვა.
„არ ვიცი, ვისი დაცვა შეგიძლიათ, შეძლებთ თუ არა საკუთარი და ალიანსის წევრი ქვეყნების დაცვას,“ - მიმართა მან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებს და დასძინა:
„ლიტრობით საწვავით ვერ გამოისყიდით ჩვენს ლიტრობით დაღვრილ სისხლს. ერთიანი ევროპისთვის დაღვრილ სისხლს, ჩვენი საერთო თავისუფლებისთვის, ერთიანი მომავლისთვის დაღვრილს.
„რუსეთის არმიის შემოჭრის პირველივე დღიდან გამარჯვებაში დარწმუნებული ვარ! ამიტომ, თავს მარტო არ ვგრძნობთ. ბრძოლას ვაგრძელებთ, გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას ჩვენი გმირების დახმარებით“.
კიევი დაჟინებით ითხოვს ნატოსგან, უკრაინაში შეიქმნას ფრენისთვის აკრძალული ზონა, რათა რუსეთის ავიაციას ხელი შეუშალოს ქვეყნის ტერიტორიაზე სამხედრო ოპერაციების განხორციელებაში. 4 მარტს ბრიუსელში, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე, გადაწყდა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები განაგრძობენ კიევის დახმარებას, მაგრამ უკრაინის თავზე ფრენისთვის აკრძალულ ზონას არ დაუჭერენ მხარს და უკრაინაში არ გაგზავნიან ჯარებს. ნატო მიიჩნევს, რომ ფრენისთვის აკრძალული ზონის გამოცხადება, თუ მას რუსეთი დაარღვევს, ნატოს მოქმედებას ავალდებულებს, რაც მათი ხედვით, ნატოს რუსეთთან კონფრონტაციაში ჩაითრევს და კონფლიქტი ევროპის სხვა ქვეყნებსაც მოედება.
ბუდაპეშტის მემორანდუმი, რომელიც უკრაინას უსაფრთხოების გარანტიებს აძლევდა 1994 წლის დეკემბერში, ეუთოს კონფერენციაზე მას შემდეგ გაფორმდა, რაც უკრაინამ უარი თქვა მის ტერიტორიაზე განლაგებულ ბირთვულ იარაღზე. მემორანდუმით ბირთვულმა ქვეყნებმა - აშშ-მა, ბრიტანეთმა და რუსეთმა პოლიტიკური ვალდებულება აიღეს, რომ იქნებოდნენ უკრაინის სუვერენიტეტის გარანტები.