
რუსეთი უკრაინაში "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს
05/03/2022 07:02:27 ევროპა
რუსეთი "სიჩუმის რეჟიმს" აცხადებს და უკრაინულ ქალაქ მარიუპოლსა და ვოლნოვახში ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის,- ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იუწყება.
"დღეს, 5 მარტს, მოსკოვის დროით დილის 10 საათიდან რუსული მხარე აცხადებს სიჩუმის რეჟიმს და მარიუპოლიდან და ვოლნოვახიდან მოსახლეობის გაყვანისთვის ჰუმანიტარულ დერეფნებს ხსნის", - აღნიშნულია განცხადებებში.
მათივე თქმით, ჰუმანიტარული დერეფნები და მარშრუტები უკრაინულ მხარესთანაა შეთანხმებული.
3 მარტს, ბელარუსის ტერიტორიაზე გამართული მოლაპარაკებისას უკრაინის და რუსეთის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, რომ შეეცდებიან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას.
რუსული არმია უკრაინაში ბომბავს არა მხოლოდ სამხედრო, არამედ სამოქალაქო ობიექტებსაც. ომმა უკვე იმსხვერპლა ასეულობით მშვიდობიანი უკრაინელის სიცოცხლე.