04-03-2022 00:06:46 რეპორტაჟი
23 თებერვალს რამდენიმე ჟურნალისტი თურქეთში უშუალოდ საქართველოში თურქეთის ელჩის ფატმა სერენ იაზგანის მიწვევით გავემგზავრეთ. სადაც ჟურნალისტთა გლობალურმა საბჭომ გვიმასპინძლა. და ვიდრე შეხვედრებით დატვირთული დღის წესრიგიდან რამდენიმე დეტალზე გავამახვილებ ყურადღებას, აუცილებლად მინდა აღვნიშნო ჩემი ქვეყნის, მათთვის კი მეზობელი საქართველოს პატივისცემა. ეს არ იყო მხოლოდ ეტიკეტური, სტუმარ–მასპინძლის როლითა და ფუნქციებით განსაზღვრული დამოკიდებულება, არამედ რიგითი მოქალაქეების – კვებითი ობიექტებისა თუ სასტუმროს მომსახურე პერსონალის მცდელობა, გამოხატოს პატივისცემა შენი წარმომავლობის გამო და შეუძლებელია, ეს არ გავსებდეს თბილი გრძნობებით.
აქვე ხაზგასასმელია, ასევე ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობდი მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნისადმი – ქვეყნის სიმბოლიკების მიმართ პატივისცემა ნამდვილად უმაღლეს დონეზეა აყვანილი. თანამედროვე თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის – მუსტაფა ქემალ ათათურქის მიმართ ადგილობრივების მადლიერებას თურქეთში ჩასვლის შემთხვევაში ადვილად შეამჩნევთ, მახვილი თვალი სულაც არ არის საჭირო: ქუჩაში თუ შენობებში ბევრგან შეგხვდებათ გამოფენილი ათათურქის ფოტოები.
მის მიერ შექმნილი იდეოლოგია, ნაციონალური სახელმწიფოს შექმნის თაობაზე, თურქეთის კონსტიტუციითაა გარანტირებული. საკუთარი დამოკიდებულება ხალხმა მისთვის ათათურქის შერქმევით გამოხატა, რაც "მამა თურქს" ნიშნავს და 1953 წელს მავზოლეუმიც აუშენა, რომლისკენაც ლომების გზას მივყავართ. როგორც გიდმა გვიამბო, მანძილის სიგრძე 262 მეტრამდეა. 373 ხალიჩის ფორმის ფილებით არის მორთული ცერემონიების მოედანი, რომელიც 15 000-მდე ადამიანს იტევს, . სწორედ მისგან ხელ მარცხნივ დგას მავზოლეუმი.
ათათურქის მავზოლეუმის დათვალიერებისას გვქონდა შესაძლებლობა, საპატიო ყარაულის, ე.წ დროში მცველების ჩანაცვლების ცერემონიალისთვის გვედევნებინა თვალი და მინდა, ეს სანახაობაც გაგიზიაროთ.
თურქეთში ვიზიტისას აუცილებლად შეამჩნევთ ულამაზეს მეჩეთებს და ლოცვის ხმას, რომელიც სამლოცველოებიდან ჟღერს. აი, სტამბოლის ცისფერი მეჩეთი კი თქვენზე ნამდვილად დატოვებს წარუშლელ შთაბეჭდილებას.
მიამბეს, რომ მისი სახელი შიდა კედლების ლურჯი ფილებით მორთულობას უკავშირდება. ის 1609 და 1616 წლებს შორის სულთან აჰმედ I- ის მმართველობის დროს ააგეს და სხვათა შორის, ამ პერიოდთან კიდევ სხვა ბევრი მეჩეთია დაკავშირებული.
იმ უწყებებსა და სახელმწიფო დაწესებულებებში, სადაც შეხვედრები წინასწარ იყო დაგეგმილი, ჩემი ყურადღება მიიქცია მათმა კოორდინირებულმა, გამართულმა ფუნქციონირებამ, რომელიც საერთო, ეროვნულ ინტერესებზეა აგებული.
ასევე არ შემიძლია, არ აღვნიშნო, თურქი ხალხი, საოცრად ღიმილიანი, სალმიანი და თბილი მასპინძელია. განსაკუთრებით თვალში საცემია მათი დამოკიდებულება ადამიანებისადმი და მიუსაფარი ცხოველებისადმი. მოვლილი და სუფთა ქუჩები, მოქალაქეების დამოკიდებულება წესრიგისადმი. მიხარია, რომ ჩენი ქვეყნის პარტნიორი და მეზობელი, მულტიკულტურული, NATO-ს წევრი ქვეყანა და საქართველოს ალიანსში ინტეგრაციის ერთ-ერთი მხარდამჭერია. როგორც კი მომეცემა საშუალება და იქნება შესაბამისი ვითარება, ჩემს მომდევნო დასვენების დღეებს აუცილებლად თურქეთში დავგეგმავ.
ფოტოები (C) ხათუნა გოგიჩაიშვილს