
„ასე მხოლოდ ნამდვილი მეგობრები იქცევიან“– უკრაინის ელჩის ცოლმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილებს მიმართა
04/03/2022 18:18:10 საზოგადოება
თბილისში, რუსთაველის გამზირზე უკრაინის მხარდასაჭერად შეკრებილ მოქალაქეებს გარდა საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტებისა, საქართველოში უკრაინის ელჩის იგორ დოლგოვის ცოლმა ალექსანდრა ლიაშკომ მიმართა.
მან მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც აქციებზე დგომით თუ უკრაინისთვის დახმარების მობილიზებით დგას მისი ქვეყნის გვერდით ომის დროს.
"თქვენთან ერთად მოვუსმინე ჩემი მშობლიური უკრაინის პრეზიდენტს. უკრაინის პრეზიდენტი, რომლის მთელი ხალხი ერთიანი ფრონტით გამოვიდა მტერთან საბრძოლველად. უკრაინა იცავს საკუთარ თავისუფლებას, უკრაინა იცავს მთელ სამყაროს. და სამყარო არასოდეს არ იქნება, როგორიც ჩვენ გვინდოდა. აგრესორმა წუხელ ღამეს დაადასტურა, რომ ის არის მომაკვდინებელი, საშიში მხეცი, რომელიც ბირთვული ტერორის წინაშეც არ გაჩერდება. აგრესორი არ ფიქრობს ადამიანებზე,ა რც მშვიდობიან უკრაინელებზე, არც საკუთარ მოსახლეობაზე. იმპერიები არ არის ხალხისთვის, იმპერიები მხოლოდ ტირანებისთვისაა. ახლა ეს ტირანი ცდილობს ჩვენს დაჩაგვრას, დაპყრობას და დამორჩილებას. ეს არ არის ჩვენთვის, ეს არ არის უკრაინელებისთვის. ეს არ არის ქართველებისთვის.
ჩვენ უკრაინელები ვართ, ჩვენ ავირჩიეთ თავისუფლება და ვიბრძოლებთ ჩვენი არჩევანისთვის. ჩვენ დარწმუნებულნი ვართ ჩვენს გამარჯვებაში, რადგან სხვა არჩევანი არ გაგვაჩნია. ჩვენ დარმუნებული ვართ, რადგან ჩვენ გვყვავს ძლიერი, დიდებული და ერთიანი ერი. ჩვენ დარწმუნებული ვართ გამარჯვებაში, რადგან ჩვენი პრეზიდენტი არ იმალება ბუნკერში, ის საკუთარ ხალხთან არის. დღეს ის თქვენთან ერთადაც იყო. ის გამოვიდა სიტყვით, რათა თქვენთვის მხარი დაეჭირა და მადლობა გადაეხადა. დიდი მადლობა ჩვენო მეგობრებო, ვინც ყოველ საღამოს მოდიხართ აქ, ჩვენი ხალხის მხარდასაჭერად.
ძვირფასო მეგობრებო, ახლა ჩვენს მიწაზე მიმდინარეობს სასტიკი ბრძოლები, მაგრამ მტერი გამოფიტულია, მისი მორალური სულისკვეთება ძალიან დაბალია. ჩვენ შეირაღებულ ძალებთან ერთად დგანან უბრალო ადამიანები, ყველა უკრაინელი, ქალიც, კაციც, ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ შეაჩეროს ეს მხეცი. დღეს საშინელი ომის მეცხრე დღეა. ჩვენ ძალიან ბევრი დანაკარგი გვაქვს, ჩვენთან ბავშვები იღუპებიან, მილიონზე მეტი ლტოლვილი გვყვავს და ეს რიცხვი ყოველწუთიერად იზრდება.
ჩვენ ნამდვილად ძალიან ბევრს ვკარგავთ, მაგრამ სიმართლე ჩვენს მხარეს არის. მთელი მსოფლიო მხარში გვიდგას ფინანსებით, იარაღით, ჰუმანიტარული დახმარებით. უკრაინა ამას იღებს, მაგრამ მეტი გვჭირდება. ჩვენ მეტი გვჭირდება იმისათვის, რომ დავახრჩოთ ჩვენი ბოროტი მტერი. ჩვენ ძალიან მადლიერები ვართ საქართველოსი. მადლობა გვინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც ახლა აგროვებს სახსრებს, ნივთებს და ამ სამუშაოს კოორდინაციაშია ჩართული. ასე იქცევიან მხოლოდ ნამდვილი მეგობრები და ჩვენ ნამდვილი მეგობრები ვართ. ყველას დიდი, დიდი მადლობა" - ასე დაამთავრა ალექსანდრა ლიაშკომ თავისი მიმართვა.
თბილისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ფორმატში ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. აქციაზე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩი. საზოგადოებას მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. როგორც განიმარტა, პრეზიდენტმა თავად გამოთქვა სურვილი და თბილისში შეკრებილ მოქალაქწეებს უთხრა, რომ ისინი დღეს საქართველოს ღირსებას იცავენ.
უკრაინა 24 თებერვლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.