
ზელენსკი – მათ შორის, ქართველებს: "გთხოვთ, ნუ იქნებით ჩუმად, გამოდით გარეთ, მხარი დაუჭირეთ უკრაინას"
04/03/2022 17:49:59 ევროპა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ რამდენიმე ევროპულ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციების მონაწილეებს მიმართა. მათ შორის არის საქართველოც.
მან მოქალაქეებს უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელებისკენ მოუწოდა.
როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ყველა ქვეყნის მხარდაჭერა უკრაინელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
ზელენსკიმ წუთიერი დუმილით პატივი მიაგო უკრაინელ სამხედროებს, მშვიდობიან მოქალაქეებს ხსოვნას , რომლებიც რუსების თავდასხმას ემსხვერპლნენ:
"მინდა გითხრათ ევროპელ ხალხს - ნუ იქნებით ჩუმად. გამოდით გარეთ. მხარი დაუჭირეთ უკრაინას. მხარი დაუჭირეთ ჩვენ ბრძოლასა და მიზნებს. რადგან თუ უკრაინა მტკიცედ არ იდგება, ვერც ევროპა იდგება. თუ უკრაინა დაეცემა, ევროპაც დაეცემა. გთხოვთ ჩუმად ნუ იქნებით, ნუ აიფარებთ თვალზე ხელს, გამოდით გარეთ და მხარი დაუჭირეთ უკრაინას, იმ სიძლიერით რა სიძლიერითაც შეგიძლიათ.
თუ ჩვენ მოვიგებთ და მე მჯერა, რომ მოვიგებთ, ეს იქნება გამარჯვება დემოკრატიული სამყაროსთვის, ეს იქნება ჩვენი თავისუფლების გამარჯვება, ეს იქნება გამარჯვება სიკეთისა ბოროტებაზე, და თუ ჩვენ მოვიგებთ ჩვენ გავხდებით ისეთივე გაბრწყინებული როგორც ევროპა, ევროპა კი აყვავდება ისე როგორც არასდროს. დიდება უკრაინას.
ფრანკფურტი, პრაღა, ბრატისლავა, პარიზი, თბილისი, ვილნიუსი - თქვენ ყველანი უკრაინელები ხართ დღეს და მადლობა ამისთვის".
თბილისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ფორმატში ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები. აქციაზე იმყოფებოდა საქართველოში უკრაინის ელჩი. საზოგადოებას მიმართა საქართველოს პრეზიდენტმაც. როგორც განიმარტა, პრეზიდენტმა თავად გამოთქვა სურვილი და თბილისში შეკრებილ მოქალაქწეებს უთხრა, რომ ისინი დღეს საქართველოს ღირსებას იცავენ.
უკრაინა 24 თებერვლიდან ებრძვის რუსეთის სრულმასშტაბიან სამხედრო აგრესიას.