
კუბილიუსი: "იმედი მაქვს, ქართველები შეძლებენ ევროპასთან ერთად ყოფნას"
04/03/2022 17:29:00 პოლიტიკა, საზოგადოება
ლიეტუვის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა თბილისში, პარლამენტის წინ უკრაინის მხარდასაჭერ მორიგ აქციაზე შეკრებილ მოქალაქეებს მიმართა.
მან ისაუბრა როგორც უკრაინაში მიმდინარე ომზე, ასევე საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე:
"ჩვენ უნდა შევაჩეროთ პუტინის კრიმინალური ომი. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვლოცულობთ გმირი უკრაინისათვის. უკრაინა ერთ-ერთი ძლიერი ევროპული ქვეყანაა, მას გააჩნია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი ჯარი დემოკრატიულ ევროპულ ქვეყნებს შორის. ევროპამ უნდა სთხოვოს უკრაინას, რომ ნატოს შეუერთდეს. ნატო კიდევ უფრო გაძლიერდება ამით. პუტინისა და რუსეთის ქმედებები ანადგურებენ რუსეთის ეკონომიკას. ემბარგო არის დადებული რუსეთის გაზსა და ნავთობზე. ეს გაანადგურებს რუსეთის ეკონომიკას. აუცილებლად უნდა დატოვოს რუსეთის უკანასკნელმა ჯარისკაცმაც კი უკრაინის ტერიტორია, ყირიმისა და ლუგანსკის ჩათვლით.
თუ პუტინს სურს თავიდან აიცილოს კატასტროფა, ომი დღესვე უნდა დაასრულოს".
მას იმედი აქვს, რომ ომის დასრულების შემდეგ ევროპაც და უკრაინაც უფრო ძლიერები იქნებიან და უკრაინა გახდება ევროკავშირის წევრი:
"ომის შემდეგ აღდგენა ძალიან რთული იქნება. ევროპა სხვანაირი იქნება, ბევრად უფრო ძლიერი. უკრაინაც - ასევე. უკრაინა შეუერთდება ევროკავშირს. მე იმედი მაქვს, ქართველები შეძლებენ ევროპასთან ერთად ყოფნას. მე იმედი მაქვს, საქართველო შეცდომებს არ ჩაიდენს ამ მიმართულებით.
ევროკავშირი ფასეულობათა თანასაზოგადოებაა. მე ვისურვებდი ქართული ხელისუფლება ამ ფასეულობების და კანონის უზენაესობის, დემოკრატიის მხარეს იყოს. ჩვენ გვიყვარს საქართველო, ჩვენ გვიყვარს ქართველები და გვსურს თქვენი ნახვა ევროპულ ოჯახში. დავიცვათ თქვენი არჩევანი, დავიცვათ ევროკავშირი და დავიცვათ უკრაინა. ჩვენ ამ ბრძოლას გავიმარჯვებთ, პუტინი წააგებს".
თბილისში, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, სხვადასხვა ფორმატში ყოველდღე იმართება უკრაინის მხარდამჭერი აქციები.
4 მარტს მოქალაქეებს რუსთაველის გამზირზე სხვებთან ერთად მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.