Microsoft რუსეთში საქონლისა და სერვისების გაყიდვას წყვეტს
04/03/2022 15:36:01 მსოფლიო
მსოფლიოს წამყვანმა კომპიუტერულმა კორპორაცია Microsoft-მა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო წყვეტს თავისი პროდუქციისა და სერვისების ახალ გაყიდვებს რუსეთში.
„ვითარების განვითარების მიხედვით“ კორპორაცია არ გამორიცხავს, რომ „დამატებით ნაბიჯებს გადადგამს“, - ნათქვამია Microsoft-ის განცხადებაში.
ამავე დროს კორპორაცია განაგრძობს უკრაინის კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებთან თანამშრომლობას რუსეთის ფედერაციის მხრიდან ჰაკერული თავდასხმებისგან დასაცავად.
უკრაინაზე თავდასხმის გამო, რუსეთის ეკონომიკის, საფინანსო სისტემის, ხელისუფლების და მასთან დაახლოებული პირების წინააღმდეგ უპრეცედენტო სანქციები აამოქმედეს ევროკავშირმა, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და სხვა სახელმწიფოებმა. სანქციების სიაში მოხვდა ასევე პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა სანქციების დაწესების ისტორიაში.
ამავე დროს მსოფლიოს წამყვანმა კომპანიებმა გამოაცხადეს, რომ წყვეტენ რუსეთთან საქმიან ურთიერთობებს.


