უკრაინა "წითელ ჯვარს" ჰუმანიტარული კორიდორების შექმნაში დახმარებას სთხოვს
04/03/2022 10:58:49 მსოფლიო
ჰუმანიტარული კორიდერების მოწყობაზე რუსეთთან შეთანხმების მიღწევის შემდეგ უკრაინა "წითელ ჯვარს" კორიდორების ორგანიზებაში დახმარებას სთხოვს. განცხადებას პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
"უკრაინის სახელმწიფო წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს მოუწოდებს დაუყოვნებლივ დაიწყოს საჭირო ქმედებები ჰუმანიტარული კორიდორების ორგანიზებისთვის და თავის მხრივ, მზადაა გააკეთოს ყველაფერი, რაც მშვიდობიანი მოქალაქეების ევაკუაციისა და ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვისაა საჭირო“, -ნათქვამია პრეზიდენტის ოფისის განცხადებაში.
ახლა უკრაინის მრავალი ქალაქი და სოფელი ჰუმანიტარული კატასტროფის საშიშროების წინაშე დგას. დასახლებებში მოსახლეობას არ აქვს საკმარისი საჭმელი, წყალი, წამლები, არაა ელექტროენერგიაც. ათასობით ადამიანი საჭიროებს ევაკუაციას.
უკრაინასა და რუსეთს შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 3 მარტს გაიმართა. უკრაინამ მისთვის სასურველი შედეგი ვერ მიიღო.
მხარეები ჰუმანიტარული კორიდორების შექმნაზე შეთანხმდნენ და განიხილეს კორიდორების ადგილებში ევაკუაციის დროს ცეცხლის დროებით შეწყვეტის შესაძლებლობა. ორივე მხარე ადასტურებს, რომ იგეგმება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


