"ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმა ადასტურებს ამ ომის უგუნურებას"
04/03/2022 10:31:38 მსოფლიო
ნატო–ს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ დაგმო რუსეთის "სასტიკი შეჭრა უკრაინაში", თავდასხმები მშვიდობიან მოსახლეობასა და ზაპოროჟიას ატომურ ელექტროსადგურზე.
"ჩვენ ვგმობთ თავდასხმებს მშვიდობიან მოსახლეობაზე. ღამით, ჩვენ ასევე ვნახეთ ცნობები ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმის შესახებ. ეს უბრალოდ ადასტურებს ამ ომის უგუნურებას და ხაზს უსვამს მისი დამთავრების მნიშვნელობას", – განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისი თქმით, რუსეთის უნდა გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან და დიპლომატიურ ძალისხმევაში კეთილსინდისიერების ჩაერთოს.
სტოლტენბერგმა თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატოს მოკავშირეებმა რუსეთს „უპრეცედენტო სანქციები განახორციელეს“ და უკრაინას „მხარდაჭერა“ გაუწიეს, „ნატო არ არის კონფლიქტის ნაწილი“.
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ნატო დაიცავს ყველა მოკავშირეს.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა გუშინ ზაპოროჟიას ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებით, უკრაინის მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


