
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო უკრაინელების დასახმარებლად სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს
04/03/2022 10:01:46 საზოგადოება
ჯანდაცვის სამინისტრო სისხლის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაციას იწყებს.
„დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა აქვთ, დარეკონ ცხელ ხაზზე 1505 ან გაიარონ რეგისტრაცია ვებგვერდზე donor.moh.gov.ge სისხლის ჩაბარების საჭიროების შემთხვევაში, რეგისტრირებულ პირს დაუკავშირდება ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი და მოიწვევს უახლოეს (რეგისტრირებული პირის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით) სისხლის ამღებ პუნქტში ქვეყნის მასშტაბით.
მომზადებული სისხლის პროდუქტები ჰუმანიტარული დახმარების სახით გაიგზავნება უკრაინაში“, – აცხადებენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.