ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი – ნატო–რუსეთის შესაძლო კონფლიქტზე: "ალიანსმა უნდა განიხილოს ყველა ვარიანტი"
04/03/2022 08:13:12 მსოფლიო
"ალიანსმა უნდა განიხილოს ყველა ვარიანტი", – ასე უპასუხა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩმა კითხვას ნატო–რუსეთის შესაძლო კონფლიქტზე.
"ვფიქრობ, ყველა ვარიანტი უნდა განვიხილოთ, მაგრამ ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ნატო–ს ზოგიერთი პოლიტიკის განხორციელება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე შეთანხმდებიან ალიანსის ქვეყნები. ნებისმიერ გადაწყვეტილებას ერთსულოვნად უნდა იყოს მიღებული", – განაცხადა რინკევიჩმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


