
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია
04/03/2022 05:03:29 ევროპა
ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ხანძარი ლიკვიდირებულია. დაშავებულები და დაღუპულები არ არიან.
ხანძარი სადგურის სასწავლო-სავარჯიშო კორპუსში გაჩნდა: იწვოდა შენობის მესამე, მეოთხე და მეხუთე სართულები.
რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე იერიში მიიტანეს. ელექტროსადგურის თანამშრომლის ინფორმაციით, შეიქმნა რეალური ატომური საფრთხე.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება. მან მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოიყვანა.
"ჩაჰყვირეთ თქვენს პოლიტიკოსებს: უკრაინაში 15 ატომური ბლოკია, თუ იქნება აფეთქება - ყველას ბოლო მოეღება. ბოლო მოეღება ევროპას, ევროპას ევაკუაცია დასჭირდება. მხოლოდ ევროპის ქმედით ნაბიჯებს შეუძლია რუსული ჯარი შეაჩერონ. მხოლოდ მათ შეუძლიათ არ დაუშვან ევროპის განადგურება. განადგურებისგან, რომელსაც ატომურ სადგურზე აფეთქება გამოიწვევს", - აღნიშნა ზელენსკიმ.