ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო: "ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება"
04/03/2022 06:00:29 მსოფლიო
უკრაინის მარეგულირებელმა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) მიაწოდა ინფორმაცია, რომ ზაპოროჟიეს ატომურელექტროსადგურზე რადიაციის დონის ცვლილება არ ფიქსირდება, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს განცხადებაშია აღნიშნული.
ორგანიზაციის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ აცნობა, რომ ხანძრის შედეგად ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის "უმნიშვნელოვანესი" აღჭურვილობა არ დაზიანებულა.
უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ნაგებობები დაბომბეს, რამაც ხანძარი გამოიწვია. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ხანძარი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის ერთ-ერთ კორპუსში ლიკვიდირებულია.
უწყების ინფორმაციით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ზაპოროჟიეში ატომურ ელექტროსადგურზე რუსების მიერ მიტანილ იერიშს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ მსოფლიოში არც ერთ ქვეყანას ატომური ელექტროსადგური არ დაუბომბავს, თუმცა რუსეთმა ეს გააკეთა.
როგორც ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში აღნიშნა, ამ ელექტროსადგურზე 6 ბლოკია და აფეთქების შემთხვევაში ევროპა ატომური კატასტროფის წინაშე დადგება. მას მაგალითად ჩერნობილის სადგურის აფეთქება მოჰყავს. ზელენსკის თქმით, ის მომხდარზე უკვე ესაუბრა მსოფლიო ლიდერებს და ინფორმაცია მიაწოდა.


