იზრდება იმ რუსი ოლიგარქების რაოდენობა, რომლებიც უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოდიან
03/03/2022 21:06:19 მსოფლიო
რუსი მილიარდერი ოლეგ დერიპასკა, რომელიც ცნობილია პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მჭიდრო კავშირებით, უკრაინის წინააღმდეგ ომის შეწყვეტის მოწოდებით გამოვიდა.
"მშვიდობა ძალიან მნიშვნელოვანია! სიგიჟეა [სამშვიდობო] მოლაპარაკებების გაჭიანურება!", - თქვა მან 3 მარტს "Telegram"-ის "პოსტში".
დერიპასკამ, რომელსაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა, უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებზე შესაძლო ბირთვული ავარიის შესახებ ისაუბრა:
"ამ ობიექტებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინციდენტი დაამახსოვრდებათ ჩვენს მემკვიდრეებს რუსეთში, უკრაინაში და ევროპაში მომავალი 200 წლის განმავლობაში".
დერიპასკა ერთ-ერთია იმ რამდენიმე რუს მილიარდერთაგან, რომლებმაც მოუწოდეს ხელისუფლებას, შეწყვიტოს 24 თებერვალს დაწყებული სრულმასშტაბიანი სამხედრო შეტევა უკრაინაზე. მანამმდე მსგავსი მოწოდებით გამოვიდნენ მილიარდერები მიხაილ ფრიდმანი, პიოტრ ავენი, ოლეგ ტინკოვი და ალექსეი მორდაშოვი, რომელთაც დასავლეთმა სანქციები დაუწესა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


