აშშ–მა პესკოვის, რუსი ოლიგარქებისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა (სია)
03/03/2022 20:57:11 მსოფლიო
აშშ–მა რუსეთის პრეზიდენტის პრეს–სპიკერის დიმიტრი პესკოვის, რიგი რუსი ოლიგარქებისა და მათი ოჯახების წევრების წინააღმდეგ სანქციები დააწესა.
თეთრი სახლის განცხადებით, "შავ სიაში" შეყვანილ პირებს აშშ-ის ფინანსური სისტემიდან გათიშავენ, მათი ქონება დაყადაღდება, მათი აქტივები აშშ-ში გაიყინება, ნაწილს კი ვიზებს გაუუქმებენ.
ე.წ. სრული ბლოკირების სანქციები პესკოვს, 8 რუს ოლიგარქსა და მათი ოჯახის წევრებს დაუწესდათ. ესენი არიან:
- ნიკოლაი ტოკარევი;
- ბორის როტენბერგი;
- არკადი როტენბერგი;
- სერგეი ჩემეზოვი ;
- იგორ შუვალოვი;
- ევგენი პრიგოჟინი;
- დიმიტრი პესკოვი;
- ალიშერ უსმანოვი;
"აშშ ასევე აწესებს სავიზო შეზღუდვებს 19 ოლიგარქზე და მათი ოჯახის 47 წევრსა და ახლო თანამოაზრეებზე", ნათქვამია თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
თეთრი სახლი პესკოვს "პუტინის მთავარ პროპაგანდისტს" უწოდებს.
მისივე ცნობით, სანქციების სამიზნე ის ოლიგარქები არიან, რომლებიც „ცნობილნი არიან, რომ ხელმძღვანელობენ, აფინანსებენ, მნიშვნელოვნად უჭერენ მხარს ან ახორციელებენ ბოროტ აქტივობებს რუსეთის დესტაბილიზაციური საგარეო პოლიტიკის მხარდასაჭერად“.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


