"თუ ნატო უკრაინის თავზე აკრძალულ ფრენის ზონას შემოიღებს, ამან შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს"
03/03/2022 18:53:07 მსოფლიო
ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი არ გამორიცხავს, რომ ნატო–ს მიერ უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებამ მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს.
"აკრძალული ზონის ამოქმედების თაობაზე გადაწყვეტილება ნატო–მ უნდა მიიღოს, თუმცა ამან შესაძლოა, ესკალაციის რეალური რისკი წარმოქმნას და შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს. რეალობა ისაა, რომ რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ ომი წამოიწყო. უკრაინა არ არის ნატო–ს წევრი და ამიტომ ჩვენ უნდა ვიყოთ უკიდურესად ფრთხილად. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შესაძლებელია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აქვს ბირთვული იარაღი. ძალიან მნიშვნელოვანია, თავიდან ავიცილოთ მესამე მსოფლიო ომი. მნიშვნელოვანია ალიანსის წევრებმა ეს რისკები გააცნობიერონ. ამიტომ ჩვენ ვცდილობთ, ძალისხმევა მივმართოთ დიპლომატიური კუთხით. ჩვენ ვცდილობთ მეტი მხარდაჭერა გავუწიოთ უკრაინას, რათა მოხდეს ცეცხლის შეწყვეტა, რაც შეიძლება მალე", – განაცხადა მიშელმა.
მანამდე, ალიანსში აშშ-ის ელჩმა ჯულიანა სმიტმა აღნიშნა, რომ ნატო უკრაინაში მიმდინარე სამხედრო კონფლიქტში მხარედ ჩართვას ამ ეტაპზე არ აპირებს და შესაბამისად, უკრაინის თავზე უპილოტო ზონის ჩამოყალიბების შესაძლებლობას არ განიხილავს.
უკრაინამ ნატო–ს ქვეყნის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა. ერთ–ერთი პირველი, ვინც კიევის მიმართვას გამოეხმაურა, ბრიტანეთი იყო. კერძოდ, ქვეყნის თავდაცვის მინისტრი ბენ უოლესმა განაცხადა, რომ "ქვეყანა ევროპულ ომს არ გამოიწვევდა":
"უკრაინა ქვეყნის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შემოღებას ითხოვს, ამ თხოვნაზე დათანხმების შემთხვევაში მე უნდა დავაყენო ბრიტანული გამანადგურებლები რუსეთის მოიერიშე თვითმფრინავების პირისპირ. შედეგად ნატო–ს მოუწევს გამოუცხადოს ომი რუსეთს. მე არ გამოვიწვევ ევროპულ ომს, თუმცა დავეხმარები უკრაინას იბრძოლოს ყველა ქუჩაზე იმ ტექნიკით, რასაც გავუგზავნი".
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


