
პუტინმა უკრაინაში მშვიდობიანი მოსახლეობის დაბომბვა ირიბად აღიარა
03/03/2022 17:30:50 ევროპა
რუსეთი განაგრძობს საკუთარი მოსახლეობის ინფორმაციულ ვაკუუმში მოქცევას და მათთვის ომის მისეული ვერსიის წარდგენას. ამ მიზნით უკვე დახურეს ის მცირერიცხოვანი მედიასაშუალები, რომლებიც ცდილობდნენ რუსეთის მოქალაქეების ინფორმირებას რუსული ძალების მიერ უკრაინის ტერიტორიაზე ჩადენილი ქმედებების შესახებ, ხოლო მათ, ვინც ქუჩაში პროტესტს ბედავს, მასობრივად აკავებენ.
დღეს ვლადიმირ პუტინმა ირიბად აღიარა, რომ უკრაინაში სამოქალაქო ინფრასტრუქტურას, დასახლებულ პუნქტებს ბომბავს, რომელთა მახლობლადაც რეალურად არანაირი სამხედრო ინფრასტრუქტურა არაა განთავსებული. დაბომბვებს არაერთი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა. კერძოდ, პუტინმა საკუთარ მოსახლეობას, ცხადია, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე, უთხრა, რომ "ებრძვის ნეონაცისტებს, რომლებიც მშვიდობიან მოსახლეობას იყენებენ ცოცხალ ფარად და მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში სწორედ ამითაა გამოწვეული".
მისივე თქმით, უკრაინული ძალები იარაღს, ტანკებს, არტილერიას და ა.შ. საცხოვრებელ სახლებში, საბავშვო ბაღებში, საავადმყოფოებში, სკოლებში ეზიდებიან და რომ უცხოელი მოქალაქეები, მათ შორის სტუდენტები ჰყავთ ტყვედ.
თავის მხრივ უკრაინა ითხოვს ჰუმანიტარულ დერეფანს იმ ქალაქებისთვის, რომლებსაც რუსული ძალები ყოველდღიურ რეჟიმში ბომბავენ. არსებობს ვიდეო–მტკიცებულებები, თუ როგორ ესვრიან რუსი სამხედროები მშვიდობიან მოქალაქეებს, ანადგურებენ ქალაქებს, დასახლებულ პუნქტებში სათამაშოებით შენიღბულ ასაფეთქებელ საშუალებებს ტოვებენ, გამოიყენეს აკრძალული იარაღიც.
პუტინმა, როგორც ჩანს, რუსეთის დანაკარგის გასამართლებლად, განაცხადა, რომ რუსული ძალა დღეს უკრაინაში „იცავს რუსეთს“ და რომ "რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცოპერაცია გეგმიურად გრძელდება“.
დღეს კი გავრცელდა თავად რუსი სამხედროს მიერ გადაღებული ვიდეო, რომელშიც ათობით მისი კოლეგა ჩანს. უცნობია, ვიდეო კონკრეტულად სად არის გადაღებული, თუმცა როგორც მისი საუბრიდან იკვეთება, სავარაუდოდ უკრაინაშია.
სამხედრო ყვება, რომ ჯგუფი "წვრთნების" მოტივით წაიყვანეს, თუმცა "საზარბაზნე ხორცებას დაყარეს" და უკვე მეოთხე დღეა, ნორმალურად არც უკვებიათ, უშედეგოდ ჰპირდებიან შინ დაბრუნებას და რომ ამ დაპირებების არ სჯერათ.