
„პუტინთან საუბრის შემდეგ მაკრონი ფიქრობს, რომ კრემლის ლიდერი ცდილობს, მთელი უკრაინა დაიპყროს და რომ „უარესი წინაა“
03/03/2022 16:17:30 ევროპა
საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინთან საუბრის შემდეგ, ელისეს სასახლის სპიკერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საფრანგეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გამკაცრებისთვის მზადაა,– იუწყება დასავლური მედია.
„უკვე დაწესებული სანქციები უნდა შევაფასოთ და ვაპირებთ, დავამატოთ“,– განაცხადა პრეზიდენტის წარმომადგენელმა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მიაჩნიათ, რომ ევროკავშირის მიერ დაწესებული სანქციები „ძალიან მძლავრი იარაღია, რასაც ვხედავთ, მაგალითად, რუბლის კოლაფსში“.
„დღეს ჩვენ ნათლად დავადგინეთ, რომ საფრთხის სერიოზულობა მოითხოვს სანქციების გამკაცრებას და მაღალ ფასს“, - თქვა ელისეს სპიკერმა და დასძინა, „არ შეგვიძლია, დავუშვათ, პრეზიდენტმა პუტინმა დაიჯეროს, რომ ის უკრაინას უფრო დაბალ ფასად მიიღებს“.
როგორც სპიკერმა აღნიშნა, პუტინთან საუბრის შემდეგ მაკრონი ფიქრობს, რომ კრემლის ლიდერი იღვწის, მთელი უკრაინა დაიპყროს და რომ „უარესი წინაა“.
საათნახევრიანი საუბრის განმავლობაში რუსეთის პრეზიდენტმა მაკრონს უთხრა, რომ რუსული არმიის ოპერაცია მოსკოვის გეგმის მიხედვით ვითარდებოდა.
რუსულმა მხარემ პრეზიდენტების საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ პუტინმა მაკრონს რუსული პირობები დეტალურად განუცხადა:
„უპირველეს ყოვლისა, უკრაინის დემილიტარიზაცია და ნეიტრალური სტატუსი - ისე, რომ რუსეთს არასოდეს დაემუქროს საფრთხე მისი ტერიტორიიდან“.