
საფრანგეთში „როსნეფტის“ მმართველის $100 მილიონად შეფასებული იახტა დააკავეს
03/03/2022 14:15:48 ევროპა
ფრანგმა მებაჟეებმა „ამორე ვერო“ დააპატიმრეს, რომელიც, სავარაუდოდ, რუსეთის სახელმწიფო კორპორაციის “როსნეფტის“ მმართველს იგორ სეჩინს ეკუთვნის. ამის შესახებ საფრანგეთის ფინანსთა მინისტრ ბრიუნო ლე მერი იუწყება.
გემი აპირებდა, სწრაფად დაეტოვებინა ლაჟვარდოვანი სანაპიროს ლა-სიოტის ნავსადგური, მაგრამ დააკავეს.
85 მეტრი სიგრძის იახტას ადრე ერქვა „წმინდა პრინცესა ოლგა“ (St. Princess Olga), მაგრამ მას სახელი შეუცვალეს მას მერე, რაც იგორ სეჩინი დაშორდა ოლგა სეჩინას. პირველად იახტის შესახებ ცნობები გავრცელდა 2016 წელს, როცა ის 100 მილიონ დოლარად იქნა შეფასებული.
იახტის დაკავება უკავშირდება სეჩინის მიმართ ევროკავშირის სანქციების დაწესებას უკრაინაში რუსეთის არმიის შეჭრის გამო. „როსნეფტის“ მმართველს სანქციები დაუწესდა, რადგან ის პუტინის ახლო მეგობარია და ამავე დროს, ევროკავშირის თანახმად, „რუსეთის პოლიტიკური ელიტის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირია“, რომელიც უკრაინაში დესტაბილიზაციით ხეირს ნახულობს.
სეჩინი უარყოფდა, რომ მას კავშირი აქვს იახტასთან.
2 მარტს გავრცელდა ცნობა რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ადამიანის ალიშერ უსმანოვის იახტის დაპატიმრების შესახებ.
თებერვალში ჰამბურგის ნავსადგური დატოვა და კალინინგრადისკენ გაემართა 82 მეტრიანი სუპერიახტა „გრეისფული“, რომელსაც უკავშირებენ პრეზიდენტ პუტინს.
იახტის კალინინგრადის ყურეში შესვლიდან ორ კვირაში რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ.