"ბელარუსის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში უკრაინა სარაკეტო დარტყმას განახორციელებს"
03/03/2022 13:37:21 მსოფლიო
"ბელარუსის ჯარის უკრაინაში შეჭრის შემთხვევაში უკრაინა სარაკეტო დარტყმას განახორციელებს", ამის შესახებ საქართველოში უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა თბილისში დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხდა.
იგი მიიჩნევს, რომ იგივე ტიპის სანქციებს დაექვემდებაროს ბელარუსიც, როგორიც უკრაინაში ომის დაწყების გამო დაეკისრა რუსეთის ფედერაციას.
ანდრეი კასიანოვმა ისაუბრა ასევე იმ საერთაშორისო დახმარებაზეც, რომელსაც უკრაინა საჭიროებს პარტნიორებისა და მეგობრებისგან.
"მოვუწოდებ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს, განაგრძონ სანქციებით გავლენის მოხდენა რუსეთის ფედერაციაზე, მისი ეკონომიკის სრულ და ტოტალურ კოლაფსამდე - საერთაშორისო პარტნიორების მიერ ყველა შესაძლო სანქციის გამოყენებით, რუსეთის საბანკო სისტემის, საზღვაო პორტების წინააღმდეგ, ავიასივრცის ჩაკეტვით, რუსეთის ყველაზე გავრცელებული საქონლის იმპორტის შეზღუდვით, ნავთობისა და გაზის ჩათვლით, SWIFT-ს სისტემიდან გათიშვით. ასევე ბელარუსის წინააღმდეგ ანალოგიური სანქციების გამოყენება ძალიან მნიშვნელოვანია. საერთაშორისო დახმარება უნდა იყოს ფოკუსირებული უკრაინისთვის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკურ დახმარებაზე. უკრაინა მზად არის, დაიცვას ყველა ევროპული ქვეყანა რუსეთის ფედერაციის აგრესიისგან, ამისათვის ჩვენ გვჭირდება სამხედრო საშუალებების საჭირო რაოდენობა. ამასთან დაკავშირებით, უკრაინა მიმართავს საკუთარ პარტნიორებს, მოგვაწოდონ საჭირო შეიარაღება და ტექნიკა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ენიჭება დამატებითი გამანადგურებლების მოწოდებას, იმაზე დამატებით, რაც უკვე გამოყოფილი იყო. ასევე, თანამედროვე საშუალებებისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების მოწოდებას, მტრის ობიექტების საჰაერო სისტემით განადგურებისთვის", -განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.
ცნობისთვის: რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი 24 თებერვალს დაიწყო. რუსული ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ სამი მხრიდან — ჩრდილოეთიდან (ბელარუსი), აღმოსავლეთიდან (დონეცკი-ლუგანსკი) და სამხრეთიდან (ყირიმი).
უკრაინას მსოფლიოს რიგი ქვეყნები სამხედრო დახმარებას უგზავნიან.
პარალელურად, არტილერია და ავიაცია ბომბავს უკრაინის ქალაქებს. 25 თებერვლიდან შეტევა მიმდინარეობს კიევზე. დედაქალაქიდან მოსახლეობის ნაწილი გავიდა, ნაწილი კი კიევში რჩება და თავს მეტროს სადგურებსა და თავშესაფრებს აფარებს. პრეზიდენტი და ქვეყნის ხელმძღვანელობა აცხადებენ, რომ სამშობლოს დასაცავად ბოლომდე იბრძოლებენ.
რუსეთს უკრაინაში სამხედრო ინტერვენციის გამო დასავლეთი რუსეთს ყოველდღიურად უფრო და უფრო მკაცრ სანქციებს უწესებს.


